საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 27/04/2020

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

27.04.2020 წლის საბჭოს სხდომის

ოქმი N 5

 

დღის წესრიგი:  

  1. სასწავლო კურსებში შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილების დამტკიცება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით;
  2. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ვადის დასრულების გამო სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცება;
  3. ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების განსაზღვრა.
  4. სტუდენტთა ფინანსური წახალისების სასტიპენდიო (პროგრამა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“) და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის საბუთების ელექტრონული ფორმით მიღება.
  5. ცვლილება ფაკულტეტის საბჭოზე (საბჭოს სხდომის ოქმი N4,  4.04.2020) დამტკიცებულ დოკუმენტში „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლების სტრატეგია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო“.
  6. სხვა:

სხდომა ჩატარდა ელექტრონული ფორმატით.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები:

კუტალაძე იამზე, ნადარეიშვილი ვახტანგ, სურმანიძე ლალი

ასოცირებული პროფესორები: 

აბაშიძე თამარ, არუთინოვა ლუიზა, დესპოტაშვილი მედეა, ლაბარტყავა ნინო, მამუკაძე შორენა, მარწყვიშვილი ხათუნა, მელიქიშვილი მანანა, მესტვირიშვილი მაია, ფირცხალავა ეკატერინე,  ხეჩუაშვილი ლილი, აფთარაშვილი ია,

ასისტენტ პროფესორები:

ჩხიკვიშვილი ლია, თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: 

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

პეტრიაშვილი იზაბელა, რუსუდან სანაძე

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები: ქეთევან ცანავა, ირაკლი  ხაბულიანი,

ანი კვირიკაშვილი, მარიამ ბექაური.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 24  წევრი

მოისმინეს:

1. სასწავლო კურსების შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით.

ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნივერსიტეტი გადავიდა დისტანციური (სინქრონული და ასინქრონული) სწავლების რეჟიმზე. სწავლების ფორმატის ცვლილების გამო საჭირო გახდა სასწავლო კურსების შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებში ცვლილების განხორციელება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, მან ფაკულტეტის საბჭოს ფაკულტეტის პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების კომიტეტების მიერ წარმოდგენილი სასწავლო კურსების შეფასებაში შეტანილი ცვლილებების ამსახველი ინფორმაცია მიაწოდა განხილვისა და კენჭისყრისთვის. ასოც. პროფ. მ. მელიქიშვლმა აღნიშნა, რომ ცვლილებები არ ეხება საბოლოო გამოცდას და ასევე მიმდინარე შეფასების კომპონენტების შემაჯამებელ ქულას. ძირითადი ცვლილებები აისახა შუალედური გამოცდების კომპონენტში.

კენჭი უყარეს სასწავლო კურსების სილაბუსებში შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილებას.

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

შევიდეს წარმოდგენილი ცვლილები ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო კურსების შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებში.

2. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ვადის დასრულების გამო სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცება;

ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ საბაკალავრო პროგრამას - ოკუპაციურ თერაპია - აკრედიტაციის ვადა ეწურება 1 ივლისს. სასწავლო პროცესის ვადების მიხედვით, სააუდიტორიო მეცადინეობები სრულდება 27 ივნისს, ხოლო საგამოცდო პერიოდი 5 აგვისტომდე გრძელდება. სტუდენტებმა რომ მოახერხონ სემესტრის დასრულება 15 ივინისს უნდა დაასრულონ მეცადინეობა და დანიშნონ გამოცდები. შესაბამისად, საჭიროა პროგრამისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრა ინდივიდუალურად და სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება. ასევე, სტუდენტებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა განცხადებით მიმართეს დეკანს, სადაც ითხოვენ ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას სტუდენტებისთვის, რომ სწავლა დაასრულონ პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლამდე.  სტუნდენტებისა და აკადემიური პერსონალისგან მიღებულია თანხმობები. შესაბამისად, პროგრამის სასწავლო პროცესის შემჭირდოვებულ ვადებში დასრულებისა და  ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავების საკითხი უნდა დადგეს კენჭისყრაზე.

კენჭი უყარეს: ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის დასრულებას 15 ივნისს და სტუდენტებისთვის ინდივიუალური სასწავლო გეგმების დამტკიცებას.

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

საბაკალავრო პროგრამის ოკუპაციურ თერაპია, სასწავლო პროცესი დასრულდეს შემჭირდოვებულ ვადებში, 15 ივნისს და დამტკიცდეს სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმები.

3. ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების განსაზღვრის საკითხი.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა, რომ სტუდენტებმა დეკანს მიმართეს ლექტორებთან შუამდგომლობის თხოვნით - გაეწიოთ გარკვეული შეღავათები ინტერნეტთან წვდომის პრობლემების გამო. ასოცირებულმა პროფ. ხათუნა მარწყვიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ თითოეულ სტუდენტს, რომელმაც დეკანის სახელზე განცხადება გამოაგზავნა და გაარკვიეს მათი საჭიროებები კონკრეტულ საგნებსა და შეფასების კრიტერიუმებთან მიმართებაში. მათი საჭიროებების გათვალისწინებით სტუდენტებს შევთავაზეთ გარკვეულ შეღავეთები დავალებების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, ასევე, სინქრონული რეჟიმის (ზუმის) აქტივობების ჩანაცვლება ასინქრონულ რეჟიმის აქტივობებით. ერთ შემთხვევაში, არჩევითი საგნის სპეციფიკიდან (მონაცენთა ანალიზი SPSS-ის გამოყენებით) გამომდინარე საგნის ჩანაცვლება. საბჭომ იმსჯელა კონკრეტული სტუდენტებისთვის აღნიშნული შეღავათების გაწევის შესაძლებლობაზე. ასევე, საბჭომ საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან შუამდგომლობისა და წერილის გაგზავნის სურვილი გამოთქვა, რათა სოფელში მცხოვრებ სტუდენტს მისცენ საშუალება ისარგებლოს სკოლაში არსებული კომპიუტერული ტექნიკით.

კენჭი უყარეს: ინდივიდუალურად განისაზღვროს ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის დავალების წარდგენის ვადები, სინქრონული აქტივობები ჩანაცვლდეს ალტერნატიული ასინქრონულ აქტივობით. ერთ სტუდენტს სასწავლო კურსის (არჩევითი) სწავლების სპეციფიკის გამო ჩაუნაცვლდეს სხვა კურსით.

მომხრე: 23

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 1

დაადგინეს:

ინდივიდუალურად განისაზღვროს ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის დავალების წარდგენის ვადები, სინქრონული აქტივობები ჩანაცვლდეს ალტერნატიული ასინქრონულ აქტივობით. ერთ სტუდენტს სასწავლო კურსის (არჩევითი) სწავლების სპეციფიკის გამო ჩაუნაცვლდეს სხვა კურსით. რეკომენდაცია გაეწიოს და ფაკულტეტმა უშუამდგომლოს ინტერენტისა და კომპიუტერის არმქონე რეგიონში მყოფ სტუდენტს დახმარებისთვის მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას. სტუდენტებისთვის შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმები წარედგინოს ხარისხის მართვის სამსახურს. 

4. სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამისთვის „ სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის საბუთების ელექტრუნული ფორმით მიღება.

ასოც. პროფესორმა, ხათუნა მარწყვიშვილმა ფაკულტეტის საბჭოს მოახსენა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სტუდენტთა ფინანსური წახალისების სასტიპენდიო (პროგრამა ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”) და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ჩატარებისთვის საჭიროა საბუთების ელექტრუნული ფორმით მიღება.

კენჭი უყარეს:

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიაკავა: 0

დაადგინეს:

სტუდენტების საკონკურსო საბუთები სასტიპენდიო პროგრამისთვის „ სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის მიღებულ იქნას ელექტრონული ფორმით ფაკულტეტის კანცელარიის მეილზე.

5. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა, რომ ფაკულტეტის საბჭოს 4.04.2020 წლის მე-4 სხდომაზე მიღებულ იქნა ფაკულტეტის სწავლებაში ცვლილებების სტრატეგია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო. აღნიშნულ სტრატეგიაში მე-14 პუნქტში სამაგისტრო ნაშრომის დაცვებთან დაკავშირებული ცვლილება შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“. ამ ფორმულირებიდან ცხადად არ ჩანს, რომ სტუდენტებმა შესაძლებელია ვადებშიც დაიცვან სამაგისტრო ნაშრომი. ამიტომ შემოვდივარ წინადადებით ეს პუნქტი შემდეგნაირად იყოს ფორმულირებული: „იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლებენ სამაგისტრო ნაშრომის სრულად წარმოდგენას ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“.

კენჭი უყარეს:

მომხრე -24

წინააღმდეგი -0

თავი შეიკავა -0

დაადგინეს:

4.04.2020 წლის ფაკულტეტის მე-4 საბჭოს სხდომაზე მიღებულ დოკუმენტში „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნეირებათა ფაკულტეტის სწავლების სტრატეგია  კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო“ მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლებენ სამაგისტრო ნაშრომის სრულად წარმოდგენას, ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი გაგოშიძე თამარ

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია